Tuesday, June 16, 2009

პროექტი ,,ტურისტული გზამკვლევი’’

სამშობლო..... საიდან იწყება იგი, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, ვისთვის ვართ ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგება ყოველი, ასაკობრივ სრულყოფას მიღწეული, ადამიანი და ყოველდღიურ ყოფით პრობლემებზე მეტ ადგილს ჩვენს ცხოვრებაში ეს ზოგადეროვნული საკითხები იკავებს. თანდათან ვავსებთ ჩვენს ცნობიერებას გარკვეული მეცნიერული ცოდნით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ვამაყობთ, რომ ჩვენი სამშობლო შორეული საუკუნეებიდან მოდის, გვაქვს მდიდარი მატერიალური და სულიერი კულტურა, გვყავდა დიდი წინაპრები. ასეთი მაღალი შეგრძნენბებით ამაღლებული უფრო მეტი სიამაყით შევყურებთ ჩვენს ირგვლივ აღმართულ ციხე-კოშკებს, ეკლესია-მონასტრებს, უტყუარ მაცნეთ წინაპართა ძლიერი სულისა.













საქართველოში არსებულ მრავალ ხეობათაგან სკრის ხეობაც ერთ-ერთი ლამაზი ხეობაა. ხალხში უფრო მეტად მეძლების ხეობის სახელითაა ცნობილი იგი. თავისებურად ძალიან საინტერესოა ამ ხეობაში განლაგებული თითოეული სოფლის ისტორია, მაგრამ უფრო მეტად მიმზიდველია ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც სკრის ხეობაში მდებარეობს.


ჩვენი ცნობილი მეცნიერების ნაშრომებში ფართო ადგილი დაიკავა სკრის ხეობის ეკლესია-მონასტრების აღწერამ. ამ ნაშრომებს შორის შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ე. თაყაიშვილის ,,არხეოლოგიური მოგზაურობანი’’ და პ. ზაქარაიას ,,სკრის ხეობის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი’’.
სკრის ხეობაში დღეს არსებული ქრისტიანულ-მართმადიდებლური სიწმინდეების ნუსხა ასეთია:
ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია;
მწვანე საყდარი;
გალისხევის ღვთისმშობლის ეკლესია;
ზემო რიეთის ღვთისმსობლის ეკლესია /აღდგენილია/;
ტყუპის ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა;
შალიკაშვილების ეკლესია /ეკვდერი/;
ეკლესია საწყალი;
ქვემო რიეთის ღვთისმშობლის ეკლესია /აღდგენილია/;
გომართის /გომარეთის/ წმინდა გიორგის ეკლესია;
კაბულაანთ უბნის ღვთისმშობლის ეკლესია;
ახალხიზის /ყოფილი ბეთლემის/ წმინდა გიორგის ეკლესია
/მშენებარე/;
სკრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია /მოქმედი/;
მდინარე მტკვარს მარჯვნიდან შეერთვის პატარა მდინარე სკრა ანუ მეძლება. მეძლების ხეობა ძალიან ვიწროა, ამიტომ სოფლები და გზები მთების კალთებზე მდებარეობს. ეს შედარებით პატარა ხეობა საკმაოდ მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით ამ ხეობაში ცხოვრება რამდენიმე ათასი წლის წინათ ყოფილა.
აქ ხუროთმოძღვრული ნაგებობებიდან მრავლადაა ეკლესიები, ხეობის მახლობლად და მის სიღრმეში განლაგებული ღვთის სახლები.
ხეობაში არსებული ტაძრებიდან მატერიალურ-კულტურული თვალსაზრისით გამორჩეულია ეპიგრაფიკული ძეგლები. მათგან კი ყველაზე მეტი ღირებულების მქონეა კაბულაანთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია.


სოფელ კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია მდ. სკრის მარჯვენა მხარეს მაღალი მთის დაკავებულ ფერდობზე დგას. მოცულობით საშუალო ზომისაა. ეკლესიას გალავნის არსებობის კვალი დასავლეთით ატყვია. ცალნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონია მინაშენები მათი ფრაგმენტები მიწის ფენითაა დაფარული. შიგნით დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა შუაში პილასტრებზე ამართული საბჯენ თაღსა და აფსიდის კონქისა და დასავლეთის კედლის მიმყოლ თაღებს. ნათდება სამი სარკმლიდან შემოსული შუქით. კედლები შიგნიდან შემოსილია მცირედ დამუშავებული ქვებით, ხოლო კონსტრუქციული დეტალები როგორიცაა: კამარა, კონქი, პილასტრები, თაღები, და კარ-სარკმლების წირთხლები, - კარგად თლილი კვადრებით.
საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა აწეული. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი. ის აგებული უნდა იყოს გვიან ძველის ადგილზე. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია მოთავსებული. კანდელის არსებობის მაუწყებელი არაფერი არ ჩანს.
ეკლესიის კედლები მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები, რომლებიც შიგნით ნანთები ცეცხლის ბოლს გაუშავებია. მაინც ირჩევა ჯერ კიდევ შარავანდებიანი ფიგურები.
ეკლესიის მხატვრობა შენობის თანამედროვე არ უნდა იყოს. ეკლესიის შიდა სივრცე მიგვითითებს, რომ შენობა X – XI სს-ისაა.
ეკლესიის კედლის თაღები ზოგი მაღალია, ზოგი-დაბალი, ნახევარწლიურიცაა და ოვალურიც. ყველა პილასტრი და აფსიდის კუთხეებიც მთავრედება კაპიტელებით, რომელთა უმრავლესობაც ორნამენტირებულია.
ფასადი შენობისა ძირითადად მოპირკეთებულია თლილი ქვით. მშენებლობისას გამოყენებულია სილაქვა, შირმი და მუქი ღვინისფერი პორფირიტი.
ყველაზე მეტი ყურადღება აღმოსავლეთის ფასადს ეთმობა. სარკმელს ზემოთ აქ მოთავსებულია ორი დიდი ქვა. უშუალოდ სარკმელზე მოთავსებულია ქვა თითქმის კვადრატული ფორმისაა. მასზე გამოსახულია ტოლმკლავა ,,აყვავებული‘’ ჯვარი. ქვა მორთულია წვრილი ლილვითა და ორნამენტოვანი არშიით. გამოყენებულია წნულიც.
ზედა ფილა მოგრძო სწორკუთხედია. ფილა ძირითადად ორადაა გაყოფილი. მთავარს წარმოადგენს წესიერ ნახევარწრეში მოთავსებული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, ე.წ. ,,სოლომონის ბეჭედი’’. წრის გვერდით ნაწილები ორნამენტებითაა შემკული, ზედა ნაწილი კი ასომთავრულ ქარაგმულ წარწერას უჭირავს. ფილის ზედა ნაწილის ცენტრში მცირე ზომის ჯვარია ორ ოვალში ჩამჯდარი.


ამ ფილაზე მოთავსებულია ეპიგრაფიკა ისეა განლაგებული, რომ მორთულობის როლსაც ასრულებს. წარწერა ოთხი სტრიქონისაგან შედგება. პირველი ორი სტრიქონს ქვის მთელი სიგრძე უჭირავს, ხოლო ორი დანარჩენი მოთავსებულია ქვემოთ, წრეში, ექვსქიმიანი ვარსკვლავის გვერდებზე. ეს წარწერა წაკითხულია ხეობის მკვლევარების - ე. თაყაიშვილისა და პ. ზაქარაიას მიერ. მისი შინაარსი დაახლოებით ასეთია: ამ ქვის დამდები არის ლომი, რომელიც იტყობინება: ,,ესე ქვაჲ მე ლომან დავსუი ჩემითა ფასითო’’.
ლომი შესაძლოა იყოს ქტიტორი, მაღალი წოდების წარმომადგენელი, სავარაუდოა ამ კუთხის მფლობელიც .
ამავე, აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა კუთხეში მოცემულია მამაკაცის წელსზედა გამოსახულება ვედრების პოზით. შესაძლოა ეს ქტიტორია. აქვეა ქვა თაღის გამოსახულებით.
დასავლეთის ფასადზეც მოჩუქურთმებულია ზედა და ქვედა ნაწილი. აქვეა ლენტოვანი წნული, მარტივი ჯვრები, ცხენის გამოსახულება, ხელის მტევანი მკლავის ნაწილით.
კაბულაანთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია სკრის ხეობის ეკლესიებს შორის გამორჩეულია თავისი ეპიგრაფიკითა და შემკულობით.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს და კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცვნენ საკუთარი მხარის ისტორიულ მემკვიდრეობას. მათ კიდევ უფრო მეტად გაუმახვილდათ პატრიოტიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი კულტურის წინაშე . კიდე ერთხელ ხაზი გაესვა ქართული კულტურის უძველეს კავშირს ებრაულ კულტურასთან. ისინი გაეცვნენ და დააკვირდნენ ხეობის ფლორასა და ფაუნას. გამოუმუშავდათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, ინფორმაციის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევები. ისწავლეს ჯგუფური მუშაობა, ურთიერთთანამშრომლობა, ექსკურსიის ორგანიზება.
ყოველივე ეს კი პირდაპირ კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი

ისტორია - გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი, შედგენილი ცხრილების, რუკების, დიაგრამების სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას.
აღწერენ მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან / და ხუროთმოძღვრულ ძეგლს. (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას (ლეგენდა, თქმულება და ა.შ.)

გეოგრაფია - მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.

ხელოვნება - გააკეთებენ ალბომს, დახატავენ, გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობასა და ასაკს.
ამოიცნო ამა თუ იმ ეპოქის კულტურის ხელოვნების ნიმუშების დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშანს.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების, თვალსაჩინო მასალის სახით.

ფიზიკური აღზრდა - ლაშქრობისას იცავს როგორც პირად, ასევე თანაგუნდელთა უსაფრთხოებას და იყენებს უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ მიღებულ წესებს.
იცის ატმოსფერული მოვლენებისაგან თავის დაცვა, იცნობს საკვებად ვარგის და სამკურნალო მცენარეებს.
თავს არიდებს უცნობ გარემოში გადაადგილებას თანმხლების გარეშე.
სპორტული ლაშქრობის დროს ზრუნავს სუსტებზე და უმცროსებზე.

ისტ - იყენებს ისტ-ის საშუალებებს და გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად და ძირითად სასწავლო დისციპლინებში საკუთარი მიღწევების გასაუმჯობესებლად.
იყენებს ისტ-ის საშუალებებს და გლობალურ ქსელს (ელექტრონული ფოსტა, ღია ფორუმები, ინტერნეტი) ასაკობრივი ჯგუფის შესატყვისი ინტერესების, მისწრაფებების განხორციელების, პრობლემის გადაჭრის, სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზნით; მათ შორის ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ნამუშევრის შექმნის მიზნით.

გორის რაიონი, სოფელი სკრის საჯარო სკოლა;

ინფორმაციული მენეჯერი - შორენა მშვიდობაძე
პედაგოგი - ქართული ენის ლიტერატურისა და ისტოორიის სპეიალისტი მაია ოქროშიაშვილი